2012 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები

 

ნ. თუშაბრამიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიონ-ყვირილას აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2012 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები

 


სამეცნიერო ანგარიში

2012 წელს რიონ-ყვირილას აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ივლისი-სექტემბრის თვეებში საველე სამუშაოები ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაჭევსა და სოფ. წირქვალის ტერიტორებზე არსებულ მღვიმეებში უნდო კლდესა და ბონდის მღვიმეში.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები: 1. პროფ.  ნ.თუშაბრამიშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი); 2. პროფ. ნ. ბახტაძე (არქეოლოგი); 3. პროფ. ზ.ჯანელიძე (გეოგრაფი); პროფ. ვ. გაბუნია (პალეონტოლოგი); 5. თ. აღაპიშვილი (დოქტორანტი, არქეოლოგი); 6. მ. მშვილდაძე (დოქტორანტი, არქეოლოგი); 7. ლ. სუხიშვილი (გეოგრაფი); 8. ნ. კაპანაძე (მაგისტრანტი, არქეოლოგი); 9. ბ. გეძეხაძე (ბაკალავრი); 10. ვ. მამიაშვილი (ბაკალავრი); 11. შ. ზარდიაშვილი (ბაკალავრი); 12. მ. ლაბაძე (ბაკალავრი); 13. მ. ნატროშვილი (არქეოლოგი); 14. პალეობოტანიკური მასალა დამუშავდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის მ. ბოკერიას მიერ.

უნდო კლდე მდებარეობს, ჭიათურის რაიონში, სოფ ვაჭევის ტერიტორიაზე. ჭიათურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 12 კმ-ში, ვარხმელის ხეობაში, მშრალი ხევის დონიდან 90-100 მ-ის სიმაღლეზე (აბსოლუტური სიმაღლე 570მ.) მღვიმის შესასვლელის სიმაღლე 2მ-ია, სიგანე 5მ, მიმართული სამხრეთ-დასავლეთით. მღვიმის ჰორიზანტალური, 80მ-ის სიღრმის დერეფანი ბოლოში საკმაოდ ვიწროვდება. იქ მდებარეობს 47მ-ის სიღრმე ვერტიკალური კარსტული ჭა. მისი დიამეტრი მიწის ზედაპირზე 7 მ-ია, ხოლო ფსკერზე 3მ.

                სტაციონალური სამუშაოები 2007, 2010 და 2011წლებში მიმდინარეობდა. ადრე ჩატარებული სამუშაოებით, მღვიმის შესასვლელში დადგენილი იყო  შუა და ზედა პალეოლითური ფენები. მონაცემების მიხედვით, ზედა პალეოლითური ფენა არეული ჩანდა, შუა პალეოლითურ ფენაში აღმოჩენილი მასალის უდიდესი ნაწილი კი მიეკუთვნებოდა სამონადირეო იარაღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ აქედან აღებული შუა პალეოლითური ფენის სედიმენტების რეცხვის დროს აღმოჩნდა ადამიანის კბილიც. სამწუხაროდ კბილის მხოლოდ ემალია შემორჩენილი და რამე კონკრეტულის თქმა მასთან დაკავშირებით ვერ ხერხდება. 

საანგარიშო წელს ექსპედიციას აღნიშნულ  სხვადასხვა მიზანი ჰქონდა: უნდო კლდეში დაგეგმილ სამუშაოებში გათვალისწინებული იყო: 1) მღვიმის წინა ფართობის გასუფთავება ჩამოცვენილი ლოდებისგან და მცენრეებისგან განივი ჭრილის გაკეთების მიზნით; 2) წინა ფართობზე არსებული ჭრილის იატაკის დონემდე დაყვანა; 3) ამ ჭრილისა და მღვიმის შესასვლელი ჭრილების გაფართოება და მათი გარეთიანება (ერთიანი ჭრილის გაკეთება); 4) მღვიმის ბოლოს არსებულ უფსკრულში სამუშაოდ ადრე დამონტაჟებული ხის კონსტრუქციის (ლიფტი, ჯალამბარი) შეცვლა. ეს უკანასკნელი სამუშაოები დაიგეგმა იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, მაღაროში ხის მასალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ 8 თვის, ან მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში. მსგავსი მოთხოვნებია მღვიმის მიმართაც.ექსპედიციამ შეიძინა ხის მასალა (შენახულია სოფ. ვაჭევში), მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციის დამზადება, რადგან იგი, მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა, რომ მას კოროზია დააზიანებდა, უფრო საიმედო და გამძლე აღმოჩნდა. ლითონის კონსტრუქცია დამზადდა ჭიათურაში, „ჯორჯია-მარგანეცის“ ტრესტის საამქროში და მიტანილი იქნა მღვიმესთან.

მოგეხსენებათ, რომ ზემო იმერეთში და კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გართულებული იყო ვითარება. კერძოდ, „ჯორჯია-მარგანეცის“ მაღაროების მუშები საკმაოდ დიდი ხნით იყვნენ გაფიცულები. მათ შორის იყვნენ ის კონსტრუქტორები და სამუშაო ბრიგადა, რომლებსაც უნდა მოეხდინათ „უნდო კლდეში“ ლიფტის ძველი, ხის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ნაცვლად დაემონტაჟებინათ ახალი, ლითონის სისტემა.

მეტალის ლიფტის სისტემა უახლოეს მომავალში, წლის ბოლომდე იქნება დამონტაჟებული. ექსპედიციის მიერ დაგეგმილი სხვა სამუშაოები წარმატებით შესრულდა.

უნდო კლდის ფართობზე არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყო.

გაიწმინდა და ლოდებისა და ხეებიგან გაწმენდილი იქნა უნდო კლდის წინა ფართობი; გამონთავისუფლდა C, D, E, F, G კვადრატების წინა ფართობი; A-B 5’-7’კვადრატები გათხრილი იქნა იატაკის დონემდე; კვადრატებში A-B ‘1-4’ აღებული იქნა ორი ფენა; ასევე ორი ფენა, დაახლოებით  40 სმ სისქისა B-E 2-4 E-8-E-9კვადრატებში. პრეპარაციით იქნა აღებული 2011წ-ის საველე სამუშაოებისას დატოვებული ე.წ. უღელი, რომელიც მდებარეობდა უშუალოდ მღვიმის შესასვლელში, ხის ღობესთან და სადაც ადრე დადგინდა როგორც ზედა, ასევე შუა პალეოლითური ფენები.

მღვიმის წინა პერიმეტრზე გაითხარა A და B ფართობი.

               აღნიშნულ მონაკვეთზე დადასტურებული ქვის არტეფაქტები და პალეონტოლოგიური მასალა აღნუსხულია ლაზერული ტექნიკური აღჭურვილობის, EDM-ის , ე.წ. ,,Total Station“ მეშვეობით. აღებულია 383 წერტილი. ფაქტიურად, წინა ფართობზე მუშაობა, სამ ჯგუფს გვიხდებოდა. განაწილებული ვიყავით A ფართობის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში და B მონაკვეთზე.

 A ფართობი  _   გრძელი, რვა საფეხურისაგან შემდგარი თხრილია, რომელიც მღვიმესთან მიმავალი ბილიკიდან მის შესასვლელამდე გრძელდება (2/10მმ.).

გაითხარა თხრილის დასავლეთ ნაწილი _ 2/3მმ. ფართობი, ხოლო მისი აღმოსავლეთი მხარე განთავისუფლდა ჰუმუსის ფენისაგან.

 A ფართობის აღმოსავლეთ ნაწილში  2/3მმ. გამოვლინდა სამი ფენა (ერთი ჰუმუსის, ორი კულტურული). აქედან გაითხარა 1. ჰუმუსის ფენა და 2. შუაპალეოლითური ფენა.

 B ფართობი _ 1X2მმ.. ის წარმოადგენს, მღვიმის შესასვლელში 2007 წელს დაწყებული საცდელი ჭრილის გაგრძელებას. აქ გამოვლინდა და გაითხარა ორი ფენა. მუშაობის დროს, სისტემატურად ხდებოდა მიწის შემოწმებაც.

სულ მღვიმის წინა ფართობზე, განივ ჭრილში გამოვლენილია 8 ლითოლოგიური და სამი კულტურული ფენა: შუა პალეოლითური (მე-4-7); ზედა პალეოლითური (მე-3 ფენა); შუა საუკუნეების (მე-2 ფენა).

 არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა მღვიმის დერეფანში. კერძოდ, მესამე საცდელი ჭრილი დამუშავდა პირველი დარბაზის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის კულტურულ ფენებშიც დაფიქსირდა, სავარაუდოდ ნეოლითური პერიოდისა და (თიხის ჭურჭლის ნატეხები, კაჟი, კაჟის ხერხი და სხვა) შუა და ზედა პალეოლითური მასალა.

მეოთხე საცდელი ჭრილი გაკეთდა მეორე დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კედელთნ, სადაც ხუთი კულტურული ფენა დადასტურდა. მუშაობის დროს ჩაღრმავება  ხდებოდა 7-10 სმ-ით.   მეოთხე კულტურული ფენის დადასტურების შემდეგ, მეტი სიფრთხილისათვის დავიწყეთ კულტურული ფენების გადამოწმება. ამოღებული მასალა, აქაც ძირითადად შუა და ზედა პალეოლითური პერიოდის იყო.

მეხუთე საცდელი ჭრილი დამუშავდა დერეფნის ბოლოს, ვიწრო გასასვლელში. თუმცა, აქ კულტურული ფენები არ დადასტურებულა.

პარალელურად, სამუშაოები კარსტულ ჭებშიც მიმდინარებდა, რომლებიც დერეფნის ბოლოში, ვიწრო გასასვლელის იქით ლოკალიზდებიან. პირველ ეტაპზე მასალა ამოღებული იქნა პატარა ჭიდან, შემდეგ კი მუშაობა გაგრძელდა 47მ-ის სიღრმის, პირობითად ე.წ.  ,,დიდი ზომის“ კარსტულ ჭაში. მისი დიამეტრი მიწის ზედაპირზე 7მ-ია, ხოლო ფსკერზე 3მ. აქედან,  2007წ-ის ექსპედიციის დროსაც  იქნა უამრავი ფაუნისტური და ანთროპოლოგიური მასალა  ამოღებული. მუშაობა, ექსპედიციის ხელმძღვანელის მიერ, აქაც ეტაპობრივად დაიგეგმა. თავდაპირველად გაიწმინდა შიდა ფართობი, ფსკერის სხვადსხვა მიმართულებიდან აღებულ იქნა მასალა, და ბოლოს  საცდელი, მცირე ზომის ჭრილები  გაკეთდა როგორც ჭის ფსკერზე, ასევე შემაღლებულ თაროზე.

გათხრების შედეგად შუა პალეოლითურ ფენაში  აღმოჩნდა 43, ხოლო, ზედა პალეოლითურ ფენაში-37  ქვის ნივთი.

იარაღები შუა პალეოლითურ ფენაში წარმოდგენილია წაგრძელებული წვეტანით, ორმაგი ანკოშირებული იარაღით (სახოკი), საჭრისით, ხელჩაქუჩით. დანარჩენი ნივთები წარმოადგენენ ანატკეცებს, ლამელებსა და ნუკლეუსებს. მასალის გარკვეული ნაწილი ნაგორავები და წყლის მიერ არის დამუშავებული.

ზედა პალეოლითურ მასალაში წამოდგენილია ლამელაზე ნაკეთები ორი საფხეკი და ორი ცალი რეტუშირებული ლამელა. დანარჩენი ნივთები წარმოადგენენ ნუკლეუსებს, ანატკეც-ლამელებს. გვხვდება მხოლოდ ერთი მიკროლამელა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფენაში არ გვაქვს არცერთი ცალი ობსიდიანის ნივთი.აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, როგორც შუა პალეოლითურ ფენაში, ზედა პალეოლითურშიც წარმოების გადანაყარი ფაქტიურად არ გვხვდება. საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ნაგორავები, წყლის მიერ დამუშავებული განუსაზღვრელი მასალაც.

პალეონტოლოგიური მასალა 100-მდე ძვლის ფრაგმენტითაა წარმოდგენილი.

განსაზღვრული ძვლოვანი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება მღვიმურ დათვს (Ursus sp.). პალეონტოლოგიური მასალის ნაწილი ჯერ კიდევ დასამუშავებელი და განსასაზღვრია.

სხვადასხვა ფენებიდან აღებულია ნიმუშები პალეობოტანიკური და პალინოლოგიური ანალიზებისთვის. ასევე, შერჩეულია ნიმუშები დათარიღებისთვის (დამწვარი კაჟი-TL მეთოდით დათარიღებისთვის, სტალაქტიდი ურან-ტორიუმის (Uranium-thorium dating) მეთოდით დათარიღებისთვის). დათარიღება მოხდება საფრანგეთის ლაბორატორიებში საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროექტის-„ქვედადან შუაზე და შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში. ასევე, საფრანგეთში, ქ. ბორდოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ მღვიმეში აღმოჩენილი ობსიდიანის ნიმუშები მათი წარმოშობის  ადგილის გასარკვევად.

საანგარიშო წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ შუა პალეოლითის ეპოქაში მღვიმე ადამიანების (სავარაუდოდ ნეანდერტალელების) მიერ გამოყენებული იყო როგორც მონადირეების დროებითი სადგომი. ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე წლის გათხრებისას აღმოჩენილი შუა პალეოლითური მასალის დიდი ნაწილი წარმოადგენს სამონადირეო იარაღებს. ამასთან ერთად, კვლავ დადასტურდა ის ფაქტი, რომ კოლექციაში ფაქტიურად არ გვხვდება წარმოების გადანაყარი წვრილი ანამტვრევებისა და ქერცლისებური ანატკეცების სახით. აგრეთვე, ცოტაა ნუკლეუსების რაოდენობა. ეს მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ იარაღის დამზადება ძირითადად სხვაგან, სავარაუდოდ ნედლეულის საბადოსთან მიმდინარეობდა და ადამიანებს მღვიმეში უმეტესად უკვე მზა ნამზადები (ანატკეც-ლამელები) და იარაღები მოჰქონდათ.

მსგავსი ვითარებაა ზედა პალეოლითურ ფენაშიც. მართალია, აქ მზა იარაღი ნაკლებად გვხვდება, ვიდრე შუა პალელითურ ფენაში, მაგრამ ასევე პრაქტიკულად რამდენიმე ერთეულითაა წარმოდგენილი წვრილი ანატკეცები. კოლექციაში ჭარბობს ნამზადების რაოდენობა, თუმცა გვხვდება რამდენიმე ნუკლეუსიც. თუმცა, არის ერთი ცალი ხელჩაქუჩიც, რაც მასალის გარკვეული მაწილის ადგილზე დამზადებაზეც მიგვითითებს.

„უნდო კლდის“ დერეფნის ბოლოს არსებულ ბუნებრივ ჭაში, უფსკრულში დიდი რისკის ფასად მოხერხდა ჩასვლა და მცირე ოდენობით მასალის ამოტანა. მასალის ძირითადი შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც იყო წინა წლებში-ჭაში არქეოლოგიური მასალა არ გვხვდება (არის მხოლოდ კერამიკის რამდენიმე ფრაგმენტი). უფსკრულის ფსკერის ზედაპირზე, ასევე, იქვე არსებულ შედარებით მცირე ზომის ორმოში, რომელიც მღვიმის ჭერიდან ჩამოცვენილი ლოდებით, ქვებით და  ტალახითაა ამოვსებული უხვად გხვდება პალონტოლოგიური და ანთროპოლოგიური მასალა.

ჭაში მოპოვებული ფაუნისტური მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ირემს (Cervus elaphus), შველს (Capreolus capreolus) და დათვებს, რომელთა სახეობა ჯერ კიდევ და გასარკვევია და ამჟამად ისწავლება.

მსხვილ ძუძუმწოვართა გარდა უფსკრულის ე.წ. შემაღლებულ თაროზე, რომელიც უერთდება მეორე, პარალელურ ჭას, მრავლად აღმოჩნდა როდენტია-ფაუნა (მღრღნელები). ეს მასალაც განსაზღვრის ეტაპზეა.

სავარაუდოდ, კარსტული ჭის ფსკერზე ფაუნისტური და ანთროპოლოგიური მასალის აღმოჩენის ოთხი წყარო არსებობდა: 1. კარსტული ჭა თავდაპირველად (ასაკი ჯერ უცნობია) გახსნილი იყო მიწის ზედაპირზე, პლატოზევე. სწორედ აქედან ხდებოდა ცხოველთა ნაწილის ჩაცვენა უფსკრულში; 2. მღვიმის შიგნით იატაკი ოდნავ დახრილია უფსკრულის მიმართულებით. გრავიტაციის გამო ათასწლეულების განმავლობაში ნელნელა ხდებოდა გარკვეული ფენების ჭის ზედაპირისკენ ჩაცურება და შემდგომ მათი ჩაცვენა ჭის ფსკერზე; 3. ადამიანები ჭას იყენებდნენ როგორც ნაგავსაყრელს-საკვებად უკვე გამოუსადეგარი ძვლების ნაშთებს, ან ადამიანის გვამს სანიტარული და უსაფრთხოების მიზნით (მტაცებელი და ლეშისმჭაველი ცხოველების შემოსევისაგან თავდაცვის მიზნით) თავიდან იშორებდნენ და ყრიდნენ უსაფრთხო, მოშორებულ ადგილას, უფსკრულში, საიდანაც არც ნადირის მოძალების შიში ჰქონდათ და არც ლეშის სუნი შეაწუხებდათ. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ, როგორც ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ, არქეოზოოლოგმა, ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორმა რუვენ იეშურუნმა შეისწავლა ანთროპოლოგიური მასალა და აღნიშნა, რომ ადამიანის ერთერთი ინდივიდი ჭის ფსკერზე სიკვდილის შემდეგ არის ჩაგდებული; 4. ადამიანები, როგოც ჩანს, შემთხვევითაც ცვიოდნენ უფსკრულში.

ამ უკანასკნელ ვერსიას ვუკავშირებთ მღვიმის კედელზე კაცუნას გამოსახულებას. გამოსახულება ამოკაწრულია არა ზუსტად ჰორიზონტალურ, ამ ვერტიკალურ მდგომარეობაში, არამედ დიაგონალურად. კაცუნას ხელები მაღლა აქვს აწეული და თითქოს ვარდნის პოზაშია. შესაძლებელია, მღვიმეში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელიც შეესწრო სხვა ადამიანის ვარდნას უფსკრულში, თავისი ემოცია გადაიტანა კედელზე ასეთი გამოსახულების სახით.

სამწუხაროდ, ექსპედიციის მღვიმეში მუშაობის შედეგად მღვიმეში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევისა და კონდენსაციის გამო ზიანდება და იკარგება მღვიმის დერეფნის კედელზე არსებული „კაცუნას“ გამოსახულება. „კაცუნა“ წარმოადგენს სწორი ხაზებით გამოსახულ, პრიმიტიულ სტილისტურ ნახატს, რომელიც ასახავს ხელებაწეულ ადამიანს. გამოსახულება ამოკაწრული, ამოტვიფრულია „უნდო კლდის“ მესამე დარბაზში, შესასვლელიდან მარჯვენა კედელზე, დაახლოებით 2 მ-ის სიმაღლეზე. გამოსახულების ზომებია: 3,5 სმ X 2,5 სმ.

აღსანიშნავი და მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „უნდო კლდეში“ ზედა პალეოლითური ფენა უშუალოდ ადევს თავზე შუა პალეოლითურ ფენას. მსგავსი ვითარება გვაქვს „ორთვალა კლდესა“ და „ბონდის მღვიმეებშიც“. ჩვენი მოსაზრებით „ორთვალა კლდესა“ და „ბონდის მღვიმეებში“ ჩანს შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის ეტაპი და ამ მოვლენას შუა პალეოლითური კულტურის ზედაპალეოლითურით თანდათანობით ჩანაცვლებით ვხსნიდით, თუმცა, ამ დასკვნას მეტნაკლები სკეპტიციზმით განიხილავდნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები. „უნდო კლდეში“ შუა და ზედა პალეოლითურ ფენებს შორის სტერილური ფენის არარსებობამ ჩვენთვის თავიდან წამოწია ეს საკითხი. საბოლოო შედეგებს მომავალი კვლევებისგან ველოდებით.

2012 წ-ს „ბონდის მღვიმეში“ სტაციონალური არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა. მღვიმეში წინა წლებში გაკეთებული ჭრილებიდან ავიღეთ სხვადასხვა სახის  სინჯები (მათ შორის პალინოლოგიური და პალეობოტანიკური)სხვადასხვა სახის ანალიზებისთვის. ლაბორატორიული კვლევების შედეგებს უახლოეს მომავალში ველოდებით.


No comments:

Post a Comment